რუსეთმა უკრაინაში „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა

რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით წერს. 

„18 მარტს „კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“, - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

რუსული მედიის ცნობით, Kinzhal არის საავიაციო კომპლექსი ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტით, რომელიც შეიქმნა მოდერნიზებული MiG-31-MiG-31K შორი დისტანციის გამანადგურებელ-დამჭერის ბაზაზე. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ Kinzhal-ს შეუძლია სამიზნეების დარტყმა 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლით.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს